გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში - გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.
დუმარე მხარეს შორი მთებისას
ა კ ა კ ი ს ლა ნ დ ი
დაჰხარის ღამე და ანდამატი.
იქ, როგორც ლანდი მწუხარებისა,
გამოჩნდა მაღალ პოეტის ლანდი!
თეთრი ჭაღარით მოსილი თმები
ელავდა ელვის ელვა-ციმციმით
და მოხიბლული იყო მთიები
დიდებულ სახის ღვთაებრივ ღიმით.
მძიმე და დაღლილ ფეხის ხმას გრძნობდა
ნელი-ნელ მსვლელი ღრუბელი ჩუმი
და მოძრაობდა ღამის მნათობთა
აღელვებული ელიზიუმი.
გრძნობოდა თანაბარ მოახლოებას
განცვიფრებული და დიდი მთები,
შეუცნობ-ხშირი შრიალით შეკრთა
მშობლიური ტყის მწვანე ზვირთები
მაშინ ბავშვივით მიჩუმდა შქერი,
შეწყდა მდინარეთ ზვირთების მღერა, -
მხოლოდ გრიალმა გზა მრავალფერი
ნაპერწკლის დროშით ააელფერა,
და საიდუმლო შუქით შემოსა
მიწყნარებული გზა იშვიათი: -
ჩუმად... დაღლილი სანთლებით მოდის
მწუხარე ლანდი...მაღალი ლანდი.
ოჰ! ასეთია დღეს განსაცდელი
და არ დაგვტოვებს პოეტი ობლად,
რომ არ აანთოს ისევ სანთელი,
დავიწყებული ხატის მახლობლად.
იქნება ჩვენთვის, იქნება ჩვენში,
იქნება ჩვენთან მარად და მარად!
ჩვენი სიზმრების სიდიადეში
ჩვენი ფიქრების ლურჯ ნიავქარად.
მადლს არ მოგვაკლებს და შუქს უსიტყვოს
მისი, პოეტის, მადლით ანთება.
კურთხეულ იყოს, კურთხეულ იყოს,
კურთხეულ იყოს ეს მოლანდება!

No comments:
Post a Comment